საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II სტუმრობა კოლეჯში
2011 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ექვთიმე ღვთისკaაცის სახელობის პროფესიულმა კოლეჯმა სასწავლო პროცესი განაახლა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მობრძანებას კოლეჯის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დიდი სიხარულითა და სიყვარულით შეხვდნენ.
საქართველოს ეკლესიის მეთაურმა დაათვალიერა კოლეჯის განახლებული შენობა, გაეცნო სწავლების სისტემას, საგანმანათლებლო პროგრამებს და სასწავლებლის სამომავლო გეგმებს.
მისი უწმინდესობის სტუმრობას მიეძღვნა მცირე საზეიმო შეხვედრა. პროფესიული კოლეჯის დირექტორმა, ბატონმა რეზო შარაბიძემ დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გააცნო სასწავლებლის შექმნის ისტორია. საქართველოს პატრიარქს მადლობა გადაუხადა და აღუთქვა, რომ კოლეჯი აუცილებლად გაამართლებდა მისი უწმინდესობის ნდობას და მხარდაჭერას.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და უნივერსიტეტის სახელით, დახმარებას და თანადგომას დაპირდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, აკაკი სეფერთელაძემ გამოსვლისას განაცხადა, თუ რა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოს საპატრიარქო ასე აქტიურად არის ჩართული პრფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში.
რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ (გამრეკელი) შეხვედრაზე აღნიშნა : ,, ყველას არ აქვს სურვილი უმაღლესი განათლების მიღებისა, მაგრამ ბედნიერია ის ადამიანი, რომელმაც იპოვა საკუთარ თავში ნიჭი და აქვს შესაძლებლობა მისი კონკრეტულ საქმეში გამოვლენისა, და რაც ყველაზე მთავარია საქართველოს ეკლესიას ერის განათლების საქმეში, ყოველთვის საპატიო ადგილი უჭირავს.’’
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, დალოცა და წარმატებები უსურვა მათ. მისმა უწმინდესობამ ვრცლად ისაუბრა 21-ე საუკუნის ქართული სოფლის შექმნაზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვან, სასაზღვრო ზონაში და სტუდენტებს სთხოვა, ეფიქრათ ქართული სოფლის გაძლიერებაზე.
,, საჭიროა საქმე და საჭიროა ცოდნა, ეს სასწავლებელი კი სწორედ ამას ემსახურება’’- ბრძანა საქართველოს პატრიარქმა და და ნიშნად სიყვარულისა, პროფესიულ კოლეჯს, საჩუქრად თამარ მეფის ხატი გადასცა.