მსჯავრდებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემა
N5 და N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს პროფესიული ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივითა და ,,ახალი პროფესიული კოლეჯის“ ხელშეწყობით, 3 პროფესიული კურსი განხორციელდა. N5 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულები ქართულენოვანი რელიგიური ტურისტული გიდის, ტიხრული მინანქრისა და მხატვრული მინის ნაკეთობების დამზადების მიმართულებით გადამზადდნენ.
პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულებმა მინანქრისგან და მხატვრული მინისგან მცირე ზომის ნივთების, აქსესუარებისა და სამკაულების დამზადება შეისწავლეს. ტურისტული გიდის მიმართულებით, კი ქალმა მსჯავრდებულებმა საქართველოს მასშტაბით, რეგიონალური ტურისტული მარშრუტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
სასწავლო კურსები საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ახალ პროფესიულ კოლეჯსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების სხვადასხვა მიმართულებით გადამზადება და მინისა და მინანქრის მცირე საწარმოების მოწყობა იგეგმება. მსჯავრდებულები მსგავს პროგრამებში მიღებული ცოდნითა და ახალი პროფესიით გათავისუფლების შემდეგ, მოთხოვნად პოზიციებზე დასაქმებას შეძლებენ.