სასწავლო–პრაქტიკული ტური დასავლეთ საქართველოში
ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიულმა სტუდენტებმა წარმატებით დაასრულეს 2021 წლის სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრი და 24–25 ივლისს, მოდულის, – „დასავლეთ საქართველოში ტურის განხორციელების" ფარგლებში, კოლეჯის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ჩატარდა 2 დღიანი სასწავლო–პრაქტიკული ტური მარშუტით: თბილისი–ქუთაისი–ლანჩხუთი–ბათუმი–თბილისი.
ტურს უძღვებოდა პროფესიული მასწავლებელი ეკატერინე ჭეიშვილი. სტუდენტებმა მოინახულეს გელათის, მოწამეთას და ბაგრატის ტაძრები, ასევე ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
სოფელ აცანაში, სოფლის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერების შემდგომ, მონაწილეობა მიიღეს სამეთუნეო და კულინარიულ მასტერკლასებში, რისთვისაც მადლობას ვუხდით სოფელ აცანის მკვიდრს, მეთუნეობის ტრადიციულ გამგრძელებელს გურიაში, ბატონ ბიჭიკო ჩხაიძეს; ტურისტულ ეთნო სივრცეს – "ტაბერნე გურიაში" და მის მასპინძელს, ქალბატონ კესო მახარაძეს გურული კულინარიული მარგალიტების გაცნობისათვის.
ტურის მეორე დღეც საინტერესოდ წარიმართა. სტუდენტებმა მოინახულეს პეტრასა და გონიოს ციხე, დაათვალიერეს ქალაქ ბათუმის ღირსშესანიშნაობანი, კერძოდ, ბათუმის საკათედრო ტაძარი, წმ. ნიკოლოზის სახლობის ეკლესია, მუსლიმთა სამლოცველო ორთა ჯამე, ძველი და ახალი ბულვარი და სხვა.