Skip to main content

გამოფენა კოლეჯში

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯში მემინანქრის სპეციალობის პროფესიულ სტუდენტთა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N11-ე არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. კოლეჯში უკვე მეოთხე წელია ტიხრული მინანქრის შემსწავლელი სახელოსნო ფუნქციონირებს და ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სტუდენტები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს.

2012 წლიდან კოლეჯის დაფინანსებით და საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანადგომით, მომზადდა და დღემდე მიმდინარეობს სასწავლო პროექტი N11-ე (ავჭალა) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მოზარდთათვის, რომლის განსახორციელებლად კოლეჯმა ყველა საჭირო მასალა და ინვენტარი შეიძინა. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები კი მოზარდებს ხეზე კვეთასა და ხატვას ადგილზე ასწავლიან.

გამოფენაზე წარმოდგენილმა ნამუშევრებმა დამსწრე საზოგადოების დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა. საქართველოს საპატრიარქოს, განათლების სამინისტროს და სხვა უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელებმა კოლეჯის დირექტორს, ორგანიზატორებს, პედაგოგებსა და სტუდენტებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისათვის.